1759 წლიდან სამხ. სამსახურში იყო. იყო რუსეთ-ოსმალეთის სამი ომის მონაწილე. რუსეთ-ოსმალეთის 1787–91 წლების ომის დროს ხელმძღვანელობდა ჰაჯიბეის (ახლანდ. ოდესა) აღებას, 1791 წელს იერიშით აიღო ანაპა, რის შემდეგ კავკასიის ხაზის სარდლად დანიშნეს. ამ პოსტზე მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან. აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის წინა პერიოდში, მას ერეკლე II-თვის ჯარის უნებართვოდ გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ უტაქტობით, ერეკლეს შვილიშვილების ცნობით კი — ანგარებით, დასაზვერად გამოგზავნილ ირანის ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას არ აპირებდა. 1800 წელს პავლე I-მა გუდოვიჩი გადააყენა. 1806 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე I-მა გუდოვიჩი ჯარების მთავარსარდლად დანიშნა კავკასიაში. ირანთან ომის დროს დაიპყრო ბაქოს, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 წელს ოსმალები დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809 წელის 5 მარტს კავკასიაში გუდოვიჩი ჩაანაცვლეს კავალერიის გენერალ ალექსანდრ ტორმასოვით. 1809–12 წლებში იყო მოსკოვის მთავარსარდალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი. 1812 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგა.